დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ სარკინეთში მდებარეობს პროფესიული კოლეჯი „კავკასია“, რომელიც მეცხოველეობასა და რძის გადამუშავებაში არის სპეციალიზირებული. პრაქტიკული გამოცდილების უზრუნველყოფის მიზნით, კოლეჯმა დაარსა მეცხოველეობის ფერმა და რძის გადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც 2021 წლიდან ფუნქციონირებს.
კოლეჯთან არსებული ქარხანა ძირითადად ევროპული ტიპის ყველეულს აწარმოებს და გამოიყენება შვეიცარიული მთის ყველის (ალპური) ტექნოლოგია. შვეიცარიული სკოლის მიერ წარმოებული ყველის გემოვნურ თვისებებს მისი ნედლეული და გეოგრაფიული ადგილმდებარეობა განაპირობებს. წარმოების პროცესში მხოლოდ კოლეჯის ბაზაზე არსებული ფერმის რძე გამოიყენება, ეს კი მწარმოებელს ნედლეულზე სრული კონტროლის შესაძლებლობას აძლევს. კოლეჯის საკუთრებაში არსებულ ფერმაში საქონელი ზაფხულის თვეებში ბუნებრივ საძოვრებზე იკვებება, ხოლო ზამთრის თვეებში კი ბაგურ კვებაზეა. საწარმოც და ფერმაც ზღვის დონიდან 1300 მეტრზე მდებარეობს. ალპური ზონის ბალახისა და მისგან დამზადებული თივის განსაკუთრებული ხარისხი საბოლოო პროდუქტში მთელი სისავსით იგრძნობა.